პაციენტი 62 წლის მამაკაცი. 2013 წ-ს გულმკერდის კტ კვლევით ინახა მოცულობითი წარმონაქმნი მარჯვენა ქვედა წილში. ბრონქოსკოპიული გამოკვლევით სიმსივნე არ იყო ვერიფიცირებული, რის გამოც პაციენტს ქიმიოთერაპია არ ჩატარებია. მრავალჯერადად იყო კონსულტირებული ონკოლოგებისა და თორაკოქირურგების მიერ. პაციენტის მდგომარეობა უარესდებოდა, რის გამოც ხშირად ხდებოდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ბოლო რამოდენიმე თვეა პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რაც გამოიხატებოდა სუნთქვის უკმარისობაში, სისხლიან ხველაში სისხლდენის ეპიზოდებით. განმეორებითი კტ კვლევით დაფიქსირდა წარმონაქმნის საგძნობი ზრდის ტენდენცია. ოპერაციულ ჩარევაზე უარი ეთქვა სიცოცხლისათვის მაღალი რისკების გამო. ერთადერთ გამოსავლად ჩაითვალა ენდობრონქიალური ლაზერული რეზექცია. ზოგადი ნარკოზის პირობებში, რიგიდული ბრონქოსკოპის გამოყენებით მოხდა VELASTM 30W დიოდის ლაზერით სიმსივნის ფრაგმენტაცია და შემდგომ ექსტრაქცია რიგიდული მაშებით. სრულად აღსდგა მარცხენა მთავარი ბრონქის სანათური. ბიოფსიური მასალა გაიგზავნა მორფოლოგიურ კვლევაზე. 4 წლის შემდეგ პაციენტს ისევ დაეწყო სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, რის გამოც მოგვმართა. რადიოლოგიურად დაფიქსირდა მარცხენა ფილტვის სრული ატელექტაზი. ენდოსკოპიურად ინახა ზომაში მომატებული სიმსივნე, რომელიც თითქმის მთლიანად აშობდა მარცხენა მთ/ბ სანათურს. ბრონქოსკოპით შესაძლებელი გახდა დისტალურად შესვლა ქვ/წ ბრონქში და მისი სანაცია. ამჯერად ბრონქის რეკანალიზაციის მიზნით ლაზერული რეზექციის ნაცვლად უპირატესობა მიენიჭა სტენტირებას, რომლის შედეგადაც სრულად აღსდგა მარცხენა მთავარი ბრონქის გამავლობა. პაციენტის კლინიკო-რადიოლოგიური მონაცემები მკვეთრად გაუმჯობესდა.
