პაციენტი 23 წლის ქალი. 2017 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ჩატარებული აქვს ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის სრული კურსი მარჯვენა ფილტვის ტუბერკულოზის გამო, რის შემდეგ მოიხსნა აღრიცხვიდან, როგორც განკურნებული. პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა ნოემბერში, დაეწყო მაღალი ცხელება, ხველა სისხლნარევი ჩირქოვანი ნახველით, ძლიერი ტკივილი მარჯვენა გვერდში, რის გამოც მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია ჩვენს ცენტრში. რადიოლოგიურად აღინიშნებოდა მარჯვენა შუა და ქვ/წილების ატელექტაზი. ბრონქოსკოპიული გამოკვლევისას ინახა მარჯვენა შუამდებარე ბრონქის კრიტიკული სტენოზი და ჩირქოვანი ენდობრონქიტი მე-2 ხარისხის. თორაკოქირურგების მიერ ქირურგიული ჩარევა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. დაიგეგმა და ჩატარდა რიგიდული ბრონქოსკოპია – ლაზერული რეზექცია. ზოგადი ნარკოზის პირობებში, VELASTM 30W დიოდის ლაზერის გამოყენებით განხორციელდა მარჯვენა შუამდებარე ბრონქის რეკანალიზაცია. შუა და ქვ/წილოვანი ბრონქებიდან მოხდა იქ დაგროვილი ჩირქოვანი შიგთავსის ასპირაცია და ენდობრონქიალური სანაცია. მანიპულაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. 1 თვის შემდეგ საკონტროლო რადიოლოგიური გამოკვლევით ატელექტაზური უბანი გაშლილია. ენდოსკოპიურად მარჯვენა შუამდებარე ბრონქი გამავალია სუბსეგმენტურ ბრონქიოლებამდე.
