
მარჯვენა მთავარი ბრონქის სტენტირება; სიმსივნური ობტურაცია
პაციენტი 65 წლის მამაკაცი. 2016 წლის ნოემბერში მოთავსდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გამოსაკვლევად მარჯვენა ფილტვის ტუბერკულოზზე ეჭვის გამო. ძირითადი ჩივილები იყო სისხლიანი ხველა სისხლდენის ეპიზოდებით სასუნთქი გზებიდან. ძლიერი ქოშინი, მოხრჩობის შეგრძნება, რის გამოც ჰქონდა უძილობა. ბრონქოსკოპიული გამოკვლევით ინახა მარჯვენა მთავარი ბრონქის სიმსივნური ობტურაცია. 2016 წლის 01 დეკემბრის კტ კვლევით ინახა მარჯვენა ზედა წილის ცენტრალური კიბო გავრცელებით მთავარ ბრონქზე და ინვაზიით შუასაყარში. პაციენტი გადამისამართდა ონკოლოგთან, რომელთან შეთანხმებითაც გადაწყდა ქიმიოთერაპიის პარალელურად მარჯვენა მთავარი ბრონქის სტენტირება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სისხლდენის შეჩერების მიზნით. მანიპულაცია ჩატარდა ზოგადი ნარკოზით. სტენტირების შედეგად პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, გაუქრა მოხრჩობის შეგრძნება, შეუწყდა სისხლიანი ხველა, დაუბრუნდა მშვიდი ძილი.
